ბლოგი

როგორ დავწეროთ კარგი AI პრომპტი მარკეტინგისა და დიზაინისთვის?
11/02/202610 ნახვა

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲓᲐᲕᲬᲔᲠᲝᲗ ᲙᲐᲠᲒᲘ AI ᲞᲠᲝᲛᲞᲢᲘ ᲛᲐᲠᲙᲔᲢᲘᲜᲒᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲓᲘᲖᲐᲘᲜᲘᲡᲗᲕᲘᲡ?

„დამიწერე კარგი პოსტი ჩემი ბიზნესისთვის.“ თუ ხელოვნურ ინტელექტს ამ დავალებას მისცემ, პასუხს აუცილებლად მიიღებ, თუმცა საინტერესოა, როგორს. ტექსტი შეიძლება გამართული იყოს, ჰქონდეს სათაური, რამდენიმე ემოჯი და ბოლოს მოწოდება მოქმედებისკენ. მაგრამ დიდი ალბათობით ის იმდენად ზოგადი იქნება, რომ თავისუფლად მოერგება შენს კონკურენტსაც, მეზობელ ბიზნესსაც.

ხშირად ასეთ შედეგს AI-ს ვაბრალებთ - ვერ გაიგო, ბანალურად დაწერა, ბრენდის ხასიათი ვერ დაიჭირა, საკმარისად განვითარებული არ არის. მაგრამ თუ მისთვის არ გვითქვამს, რა ბიზნესზე ვსაუბრობთ, ვინ არის ჩვენი მომხმარებელი, რა მიზანი გვაქვს, როგორ ველაპარაკებით აუდიტორიას და რა არ უნდა დაწეროს, თავისით ამას ვერ მიხვდება.

კარგი შედეგი მხოლოდ ძლიერ AI მოდელზე არ არის დამოკიდებული. მთავარი ისაა, რამდენად სწორად ავუხსენით დავალება. სწორედ ამას ეწოდება პრომპტი - ინსტრუქცია, შეკითხვა ან ინფორმაცია, რომელსაც ხელოვნურ ინტელექტს ვაძლევთ პასუხის მისაღებად.

AI აზრებს არ კითხულობს (ჯერ)

ChatGPT, Gemini და Claude ბევრ რამეს აკეთებს - წერს, აჯამებს, აანალიზებს, იდეებს გვთავაზობს, ტექსტს სხვადასხვა ფორმატად გარდაქმნის და ვიზუალური კონცეფციის ჩამოყალიბებაშიც გვეხმარება. მაგრამ არც ერთმა მათგანმა არ იცის ავტომატურად:

  • რას საქმიანობს შენი ბიზნესი;
  • ვინ არის შენი სამიზნე აუდიტორია;
  • რა ხასიათი აქვს ბრენდს;
  • რა სცადე უკვე და რამ არ იმუშავა;
  • რა არის კონკრეტული დავალების მიზანი;
  • რა შეზღუდვები გაქვს;
  • როგორი პასუხი გჭირდება საბოლოოდ.

ამ ინფორმაციის გარეშე AI ცარიელ ადგილებს საკუთარი ვარაუდებით შეავსებს. სწორედ აქ ჩნდება ზედაპირული იდეები, ერთნაირი ტექსტები და ის ნაცნობი ფრაზები, რომლებიც თითქოს უკვე ყველგან წაგვიკითხავს. პრობლემა ყოველთვის AI-ში არ არის. ხშირად პრობლემა არასრული დავალებაა.

კარგი პრომპტის მარტივი ფორმულა

ყველა დავალებას გრძელი ინსტრუქცია არ სჭირდება. თუმცა შედეგი მნიშვნელოვნად უმჯობესდება, როდესაც პრომპტში ექვს ძირითად ნაწილს აერთიანებ:

1. ამოცანა - რა უნდა გააკეთოს? დაიწყე პირდაპირი მოქმედებით:

  • დაწერე;
  • გააანალიზე;
  • შემომთავაზე;
  • შეადარე;
  • გადააკეთე;
  • შეაფასე;
  • შექმენი სტრუქტურა. „დამეხმარე სოციალურ მედიაში“ ბუნდოვანია. „შემომთავაზე Instagram-ისთვის ხუთი Reels-ის იდეა“ - მეტ-ნაკლებად კონკრეტული.

2. კონტექსტი - რა უნდა იცოდეს შენზე?

აუხსენი, რა ბიზნესზე, პროდუქტზე ან პროექტზე მუშაობ. მიაწოდე მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც დავალების შესრულების მიდგომას შეცვლის. მაგალითად: „ჩვენ ვართ მცირე ქართული კერამიკის ბრენდი. ხელით ვქმნით მინიმალისტურ ჭურჭელს და ძირითადად 25-40 წლის მომხმარებლებს ვემსახურებით, რომლებიც ადგილობრივ წარმოებასა და განსხვავებულ დიზაინს აფასებენ.“ ასეთი კონტექსტი AI-ს ბევრად უკეთეს საწყის წერტილს აძლევს, ვიდრე მხოლოდ სიტყვები „კერამიკის ბიზნესი“.

3. მიზანი - რა შედეგის მიღწევა გინდა?

ერთი და იგივე პროდუქტზე დაწერილი ტექსტი განსხვავებული იქნება, თუ მისი მიზანია:

  • ცნობადობის გაზრდა;
  • გაყიდვა;
  • ახალი პროდუქტის გაცნობა;
  • კომენტარების მიღება;
  • ვებსაიტზე გადასვლა;
  • რთული ინფორმაციის მარტივად ახსნა. თუ მიზანს არ მიუთითებ, AI თავად გადაწყვეტს, რას უნდა ემსახურებოდეს პასუხი.

4. აუდიტორია - ვის ელაპარაკები?

არ დაკმაყოფილდე მხოლოდ ასაკითა და სქესით. აღწერე, რა აინტერესებს ამ ადამიანს, რა პრობლემა აქვს, რა იცის უკვე და რა შეიძლება აჩერებდეს გადაწყვეტილების მიღებისას. „ქალები, 25-45“ მხოლოდ დემოგრაფიული მონაცემია. „დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც სახლში გემრიელი სადილის მომზადება სურთ, მაგრამ სამუშაო დღის შემდეგ ამისთვის ცოტა დრო რჩებათ“ - უკვე ინსაითს ჰგავს.

5. შეზღუდვები - რა უნდა გაითვალისწინოს ან არ გააკეთოს?

თუ არ გინდა ბანალური ფრაზები, ბევრი ემოჯი, ზედმეტად გაყიდვადი ტონი ან რთული ტერმინები, ეს პირდაპირ უთხარი, მაგალითად: „არ გამოიყენო ფრაზები: ხარისხი, რომელსაც იმსახურებ; საუკეთესო არჩევანი; უპრეცედენტო. ტექსტი არ უნდა იყოს ზედმეტად სარეკლამო.“ ხშირად „რა არ გვინდა“ ისეთივე სასარგებლო ინფორმაციაა, როგორც „რა გვინდა“.

6. ფორმატი - როგორი უნდა იყოს პასუხი? მიუთითე:

  • ტექსტის სიგრძე;
  • პასუხების რაოდენობა;
  • ენა;
  • ტონი;
  • სტრუქტურა;
  • პლატფორმა;
  • აუცილებელი ელემენტები. მაგალითად: „მომეცი სამი განსხვავებული ვერსია. თითოეული მაქსიმუმ 500 სიმბოლო. დაიწყე ჰუკით, შემდეგ ახსენი სარგებელი და დაასრულე რბილი CTA-თი. წერე მარტივი, მეგობრული ენით.“

პირველი პასუხი საბოლოო პასუხი არ არის

კარგი პრომპტი ყოველთვის ერთ ცდაში იდეალურ შედეგს ვერ მოგვცემს. AI-სთან მუშაობა უფრო საუბარს ჰგავს, ვიდრე ერთხელ შეკვეთის მიცემას. თუ პასუხი არ მოგწონს, ნუ დაიწყებ თავიდან მხოლოდ სიტყვებით - „არ ვარგა, სხვა დაწერე, სულელი ხარ.“ აუხსენი, რა არ მუშაობს:

  • დასაწყისი ზედმეტად ზოგადია;
  • ტექსტი ძალიან ოფიციალურად ჟღერს;
  • იდეები ერთმანეთს ჰგავს;
  • პროდუქტის სარგებელი მკაფიოდ არ ჩანს;
  • წინადადებები ძალიან გრძელია;
  • ბრენდის ხასიათი დაიკარგა;
  • CTA ზედმეტად პირდაპირია. რაც უფრო ზუსტ უკუკავშირს მისცემ, მით უკეთ მიხვდება, რა უნდა შეცვალოს.

გამოსადეგი გაგრძელებებია: ,,ამ პასუხიდან დატოვე მეორე ვერსიის მთავარი იდეა, მაგრამ დასაწყისი უფრო ინსაითური გახადე;” ,,ტექსტი ზედმეტად სარეკლამოდ ჟღერს. გადააკეთე ისე, რომ პროდუქტის სარგებელი რეალური სიტუაციით გამოჩნდეს და არა პირდაპირი დაპირებებით;” ,,სამივე იდეა ერთი მიმართულებისაა. მომეცი კიდევ სამი ვერსია: ერთი იუმორით, ერთი მომხმარებლის პრობლემიდან გამომდინარე და ერთი შედარებებით.”

მიეცი მაგალითი, თუ ზუსტად იცი, რა მოგწონს თუ ბრენდს უკვე აქვს ჩამოყალიბებული ტონი, AI-ს მიეცი ორი ან სამი კარგი ტექსტის/ვიზუალის მაგალითი და აუხსენი, კონკრეტულად რას უნდა დააკვირდეს.

არ უთხრა მხოლოდ: „ასეთივე დაწერე.“ მიუთითე:

  • მოკლე წინადადებები მომწონს;
  • იუმორი მსუბუქია და არა თავხედური;
  • ტექსტი ყოველდღიური დაკვირვებით იწყება;
  • პროდუქტზე საუბარს გვიან იწყებს;
  • CTA რბილი და ბუნებრივია.

მაგალითი AI-ს სტილის კანონზომიერების დანახვაში ეხმარება. თუმცა სხვისი ტექსტის ზუსტად გამეორება არ უნდა მოსთხოვო. გამოიყენე ის მიმართულების საჩვენებლად და არა დასაკოპირებლად. რთული დავალება ეტაპებად დაყავი თუ ერთ პრომპტში სთხოვ ბაზრის ანალიზს, სტრატეგიას, კამპანიის იდეას, ერთთვიან კონტენტგეგმასა და ყველა პოსტის ტექსტს, დიდი ალბათობით ფართო, მაგრამ ზედაპირულ პასუხს მიიღებ.

სჯობს პროცესი ეტაპებად დაყო:

  • გააანალიზოს მიწოდებული ინფორმაცია;
  • დაგისვას დამაზუსტებელი კითხვები;
  • ჩამოაყალიბოს აუდიტორია და მთავარი პრობლემა;
  • შემოგთავაზოს რამდენიმე სტრატეგიული მიმართულება;
  • არჩეული მიმართულება გადააქციოს კონტენტგეგმად;
  • დაწეროს კონკრეტული მასალები.

შეგიძლია პირდაპირ უთხრა: ,,ჯერ არ დაწერო საბოლოო პასუხი. გაეცანი ინფორმაციას და დამისვი მაქსიმუმ ხუთი კითხვა, რომელთა პასუხებიც შედეგს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.”

კარგი პრომპტი გრძელი პრომპტი არ არის

ხარისხიანი ინსტრუქცია ყოველთვის რამდენიმე გვერდს არ ნიშნავს. ზოგჯერ ერთი ზუსტი წინადადება საკმარისია. მთავარია, AI-ს მისცე ის ინფორმაცია, რომლის გარეშეც სწორი არჩევანის გაკეთება გაუჭირდება.

  • თუ პასუხი ზედმეტად ზოგადია, დაამატე კონტექსტი;
  • თუ მიმართულება არასწორია, დააზუსტე მიზანი;
  • თუ ფორმა არ გამოგადგა, მიუთითე სასურველი სტრუქტურა;
  • თუ ტექსტი ყველა სხვა ბრენდს ჰგავს, აუხსენი შენი ბრენდის ხასიათი და მიეცი კარგი მაგალითები.

AI კარგი შემსრულებელია, როცა ზუსტად იცის, რას სთხოვ. მაგრამ დავალების სწორად დასმა, შედეგის შეფასება და საბოლოო გადაწყვეტილება ისევ ადამიანს ეკუთვნის.

,,ბურთულაშიც” AI-ს მაშინ ვიყენებთ, როცა პროცესის აჩქარება, სტრუქტურირება ან სამუშაოს ტექნიკური ნაწილის გამარტივება გვჭირდება. თუმცა სტრატეგიას, იდეასა და ბრენდის ხასიათს ავტომოპასუხეს არ ვანდობთ. რადგან კარგი მარკეტინგი პრომპტით არ იწყება. ის სწორი კითხვით იწყება და ადამიანურ ინსაითებზე დგას.

AI მარკეტინგიAI პრომპტებიხელოვნური ინტელექტიციფრული მარკეტინგიChatGPT მარკეტინგისთვისდიზაინის პრომპტები

ᲒᲐᲖᲘᲐᲠᲔᲑᲐ